კვამე ნკრუმა — განელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი და რევოლუციონერი. ოქროს ნაპირის პრემიერ-მინისტრი 1952-1957 წლებში, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი განის პირველი პრემიერ-მინისტრი (1957-1960) და დამოუკიდებელი განის პირველი პრეზიდენტი (1960-1966). ფელდმარშალი (1965). 1964 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ პრეზიდენტად. პანაფრიკანიზმის გავლენიანი მხარდამჭერი, ნკრუმა იყო „აფრიკის ერთობის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და 1962 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული „ლენინური მშვიდობის პრემიის“ ლაურეატი. საზღვარგარეთ გატარებული თორმეტი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იგი უმაღლეს განათლებას ეუფლებოდა, საკუთარ პოლიტიკურ ფილოსოფიას აყალიბებდა და სხვა დიასპორელ პანაფრიკანისტებთან ერთად ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა, ნკრუმა ოქროს ნაპირზე დაბრუნდა, რათა დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველს. მან ჩამოაყალიბა კონვენტის სახალხო პარტია, რომელმაც რიგით ამომრჩეველზე ორიენტირებული უპრეცედენტო მიდგომით სწრაფ წარმატებას მიაღწია. 1952 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1957 წლამდე, როდესაც განას ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესს უხელმძღვანელა, რაც იმ დროისთვის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. 1960 წელს განელებმა დაამტკიცეს ახალი კონსტიტუცია და ნკრუმა პრეზიდენტად აირჩიეს. 1999 წელს BBC-ის გამოკითხვით იგი ათასწლეულის აფრიკელად დასახელდა.
პარიზის კომუნა (ფრანგ.La Commune de Paris) — თავდაპირველად მიუთითებდა პარიზის მთავრობაზე საფრანგეთის რევოლუციის დროს. თუმცა ტერმინი უფრო ვრცლად მიუთითებს სოციალისტურ მთავრობაზე, რომელიც მოკლე ხნის განმავლობაში მართავდა პარიზს 1871 წლის 18 მარტიდან 28 მაისამდე.
უფრო ფორმალური გაგებით 1871 წლის პარიზის კომუნა უბრალოდ ადგილობრივი სამმართველო (ქალაქის ან უბნის საბჭო - ფრანგული "commune") იყო, რომელიც პარიზს მმართველობდა ორი თვის განმავლობაში 1871 წლის გაზაფხულზე. თუმცა ის პირობები, რომელშიც ის შეიქმნა, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სისხლიანი დასასრული მას იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეპიზოდის სტატუსს ანიჭებს.