ენა

ენა — ენათმეცნიერული ცნება-ტერმინი, რომელიც აკუსტიკურად (სმენით) და ოპტიკურად (ხედვით) აღქმადი ნიშნების სისტემას აღნიშნავს.
ენა და საზოგადოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადამიანის არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ საქმიანობასთან. საზოგადოებრივი საქმიანობა, თავის მხრივ, შეუძლებელია ურთიერთგაგებინების გარეშე. გაგებინების უმნიშვნელოვანესი საშუალებაა ბუნებრივი ენა. ენა არის საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნილებებიდან, განსაკუთრებით კი შედეგზე ორიენტირებული საქმიანობიდან მომდინარე, მუდმივად განახლებადი, განვითარებადი სისტემა აკუსტიკურად და ოპტიკურად აღქმადი ნიშნებისა, რომელიც ადამიანს ემსახურება აზრის გაფორმებაში და აძლევს შესაძლებლობას, გარკვეულ ფორმაში მოაქციოს გამოსახატავი აზრი და ამით იგი მისთვის და სხვებისთვის გასაგები გახადოს. ენა ადამიანს ფიქრის, ანუ გარკვეული რეალობის შემეცნების საშუალებას აძლევს. ენის, როგორც ნიშანთა სისტემის, მეშვეობით შესაძლებელი ხდება აზრებისა და ემოციების, განცდების გადმოცემა, აგრეთვე მოპოვებული ცოდნის ფიქსირება და შენახვა. „ენის“ დეფინიციიდან გამომდინარე გასაგები ხდება, რომ იგი ადამიანის ენობრივი მოღვაწეობის ინსტრუმენტია და მჭიდრო კავშირი აქვს ადამიანის ცნობიერებასთან. ენისა და საზოგადოების ურთიერთკავშირი ცხადი ხდება კომუნიკაციით. კომუნიკაცია ენათმეცნიერებს ურთიერთგაგებინების პროცესად მიაჩნიათ.
ენისა და დიალექტის გარჩევის პრობლემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცალკეულ ენებსა და ენათა დიალექტებზე მოლაპარაკეთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რაც იმით აიხსნება, რომ მსოფლიოში არსებულ ენათა რაოდენობაც არ არის საბოლოოდ დადგენილი, ანუ თვითონ ენათმეცნიერებაში არ არსებობს რაიმე ზუსტი საზომი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა ენის დიალექტისაგან ერთმნიშვნელოვნად გარჩევა. ამიტომაც არ არის ცნობილი, სულ რამდენი ენაა დედამიწაზე. საქმე ის არის, რომ (1) არსებობს ერთი ენის დიალექტები, რომლებიც სრულიად გაუგებარია ამავე ენის სხვა დიალექტებზე მოსაუბრეთათვის. ამის მაგალითად გამოდგება გერმანული ენის დიალექტები (ბავარიული, შვაბური) ანდა იტალიური ან ესპანური ენების დიალექტები. (2) არსებობს სხვადასხვა ენა, რომლებზე აზრის გაგებაც ზოგჯერ ლამის სიტყვასიტყვითაა შესაძლებელი სხვა მონათესავე ენებზე მოლაპარაკეთათვის. ამის მაგალითია სლავური ენების ან თურქული ენების ცალკე ენებად თანაარსებობა. (სლავეთი: ეთნოპოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ სლავეთში, მიუხედავად უკიდურესი ენობრივი სიახლოვისა, ისტორიულად ყოველთვის კონფლიქტურ ხასიათს ატარებდა).
(თურქულენოვანი სამყარო: საკუთრივ თურქულის, აზერბაიჯანულისა და თურქმენულის მცოდნეთა ურთიერთგაგებინება)
არსებული ენათმეცნიერული წინააღმდეგობრიობის დასაძლევად ერთგვარ კომპრომისად მიღებულ იქნა და დამკვიდრდა ორი ტერმინი; (1) ენების დიფერენციაცია გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. (2) ენების დიფერენციაცია სიშორის მიხედვით.
ენების დიფერენცირება გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენათა წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ ორ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეს შორის ურთიერთგაგებინება (1) მეტად გაადვილებულია ან (2) სრულიად ადეკვატურია. მიუხედავად ამისა, ასეთ ენებს სხვადასხვა სახელი აქვს და ხშირად სხვადასხვა სახელითვე ოფიციალური ენებია სხვადასხვა სახელმწიფოში. მაგ.: (1) სპარსული ირანში და ტაჯიკური ტაჯიკეთში; (2) ხორვატული ხორვატიაში და სერბული სერბეთში.
ენების დიფერენცირება სიშორის მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოგრაფიული სიშორის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენათა წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ურთიერთგაგებინება (1) გაძნელებულია ან (2) სრულიად შეუძლებელია. მაგ.: (1) რუსული და ჩეხური; (2) ნორვეგიული და აფრიკაანსი. დღეს არსებულ ენათა ნახევარი მოდის ინდონეზიაზე, მექსიკაზე, ბრაზილიაზე, კამერუნზე, ინდოეთზე, ჩინეთზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციაზე. სპეციალისტთა პროგნოზების მიხედვით, 2100 წლისთვის შეიძლება გაქრეს ენათა 90 პროცენტი: ენის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ მასზე რამდენიმე ათასი კაცი მაინც ლაპარაკობდეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩიქობავა ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 141-143.
- Jung, Walter (გამომც.): Grammatik der deutschen Sprache. Bearbeitet von Günter Starke. - 9., unveränderte Auflage - Leipzig: Bibliographisches Institut, 1988.
- Bußmann, Hadumod (გამომც.): Lexikon der Sprachwissenschaft. 1.-2. Auflage Kröners Taschenausgabe, Band 452. 3., aktualisierte und erweiterte Auflage. - Stuttgart: Kröner, 2002.
- Glück, Helmut (გამომც.): Metzler-Lexikon Sprache. - Stuttgart; Weimar : Metzler, 2002.
- Meyers großes Taschenbuch: in 24 Bänden. Herausgegeben und bearbeitet von Meyers Lexikonredaktion. - Mannheim; Leipzig; Wien; Zürich: BI-Taschenbuchverlag.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]